სიახლეები

08/03/2018

იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქალთა უფლებების დაცვაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს.

„ქალთა უფლებების დაცვის საკითხი, გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო წლებში. ამის მიზეზი კომპლექსურია და ღრმა გაანალიზებას მოითხოვს. რატომ გახდა ჩვენი გარემო ასეთი აგრესიული, განსაკუთრებით, ქალების მიმართ - ბოლო პერიოდში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყება მუშაობს ამ რთული და აქტუალური პრობლემის შესასწავლად და გადასაწყვეტად.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური ერთ-ერთი აქტიური უწყებაა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს და ამავდროულად, ქალთა უფლებების დაცვის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, მელიტონ ბენიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2018 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს კანონში „იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ“ უკვე შესაძლებელია, სასამართლოს მიერ დამცავი ორდერის გაცემისას, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის ინტერსების დაცვა განხორციელდეს მისი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.

მისივე თქმით, მანამდე სამსახური მხოლოდ გადახდისუუნარო მსხვერპლ ქალებს იცავს.

„სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის დასაწყისიდან დღევანდელობამდე იურიდიული დახმარების სამსახურმა სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში დაიცვა ოჯახური ძალადობის 50-მდე მსხვერპლი ქალბატონის ინტერესი. ყველა მათგანი გადახდისუუნარო იყო. რაც შეეხება ზოგადად ქალბატონებს, რომლებსაც სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა სახის საკითხებზე საზოგადოებრივი ადვოკატები იცავდნენ, მათი რაოდენობა 7 000-ს აღწევს. ცნობილია, რომ სასამრთლო წარმომადგენლობის გარდა, სხვადასხვა სამართლებრივ თემებზე ყოველდღიურად ხორციელდება კონსულტაციების გაცემა სამსახურის იურისტების მიერ. ბოლო 4 წლის განმავლობაში, სამართლებრივი დახმარება გაეწია 43 000-მდე ქალბატონს. აქედან, კონსულტაცია დამცავი და შემაკავებელი ორდენების შესახებ მოითხოვა და მიიღო დაახლოებით, 400-მდე ქალმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად პასუხისმგებელი უწყებაა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მეხუთე თავის - „წამება და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა“ და შესაბამისი ამოცანის - „არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის, კომპენსაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა“ სათანადო შესრულებაზე, რომლის ერთ-ერთ საქმიანობაა კანონმდებლობის ანალიზი და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის პოტენციალის შესწავლა წამების მსხვერპლთათვის ეფექტიანი იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან და სხვა სამთვრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამსახური აქტიურად ჩართულია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში - „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“. გასულ წელსაც იურიდიული დახმარების სამსახურის თორმეტივე ბიუროს ადვოკატები და შვიდივე საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ გლობალურ კამპანიაში - „ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“. კამპანიის ფარგლებში გაიმართა 25-მდე ღონისძიება, მათ შორის, საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან - ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და ა.შ.

„ადვოკატებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იმ უფასო სერვისების შესახებ, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური სთავაზობს ფართო საზოგადოებას ქალთა მიმართ ან ოჯახური ძალადობის შემთხვევებში, თუ როგორ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის ცხელი ხაზით, კონსულტაციებით და რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგან მათ მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად. გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახურის ვებგვერდზე - www.legalaid.ge, სექციაში „სერვისები“ ცალკეა გამოყოფილი „იურიდიული დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის“. ხელმისაწვდომია ონლაინ-კონსულტაციები როგორც ამ ვებგვერდის “ჩათში“, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის „ფეისბუქის“ გევრდზე და „სკაიპის“ საშუალებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მელიტონ ბენიძის განცხადებით, იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებულთა 55% სწორედ მდედრობითი სქესის წამომადგენელია.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი