სიახლეები

31/01/2018

იურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციები იურიდიული დახმარების ქსელში ერთიანდებიან. ქსელის მიზანია, გაუადვილოს საქართველოს მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარების მიღება და ხელი შეუწყოს ამ მომსახურების მიმწოდებლებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინირებას.

ქსელის ერთ-ერთი ფუნქციაა მომხმარებლისათვის მოსახერხებელი საძიებო და საინფორმაციო სისტემის - იურიდიული დახმარების ვებ პორტალის www.free.mylaw.ge მართვა.

იურიდიული დახმარების ქსელისა და ვებ-პორტალის წარდგენა 2017 წლის 14 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის, იურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციების, სასამართლოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - მელიტონ ბენიძემ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელმა - ნათია ნაცვლიშვილმა, და ევროკავშირის (EU) მართლმსაჯულების პროგრამების მენეჯერმა საქართველოში - პიტერ დენისმა.

იურიდიული დახმარების ქსელი მიმწოდებელი ორგანიზაციების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომლის მიზნებია: ხელმისაწვდომი და ეფექტიანი იურიდიული დახმარების სისტემის შექმნა, მოქალაქეთა გადამისამართების მდგრადი მექანიზმის შექმნა და იურიდიული დახმარების მიმწოდებელ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინირების პრაქტიკის დამკვიდრება.

„იურიდიული დახმარების ქსელის“ მმართველი ორგანო მისი საბჭოა, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება. ამჟამად, საბჭოს შემადგენლობაში შედიან: იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“, და თავისუფალი უნივერსიტეტის და უნივერსიტეტის „ახალი ხედვა“ ბაზაზე არსებული იურიდიული კლინიკები.

იურიდიული დახმარების ქსელს იურიდიული დახმარების სამსახური ხელმძღვანელობს. ქსელში გაწევრიანება შეუძლია იურიდიული დახმარების ნებისმიერ მიმწოდებელს, რომელიც ქსელის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

იურიდიული დახმარების ქსელი და ვებ-პორტალი შეიქმნა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია იურიდიული დახმარებისა და ფასიანი იურიდიული მომსახურების, მათ შორის მედიაციისა და არბიტრაჟის, ხელმისაწვდომობის, სპექტრისა და ხარისხის გაზრდა. აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის, EU4Justice, ნაწილია, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სფეროში, და რომლის ბიუჯეტი შეადგენს 50 მილიონ ევროს.

საკონტაქტო ინფორმაცია
⚪ სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
⚪ თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
⚪ თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
⚪ ნინო ჩუტკერაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახური , +995 577 400675; nchutkerashvili@legalaid.ge