ჩვენს შესახებ

უფასო იურიდიული დახმარების პორტალი შექმნილია იმ პირებისათვის, ვისაც ამ ეტაპზე არ გააჩნია ადვოკატის აყვანის ფინანსური რესურსი და ამიტომ ეძებს უფასო იურიდიული დახმარების მომწოდებელ ორგანიზაციებს.
გთხოვთ, გამოიყენოთ რაც შეიძლება დეტალური ძიება, რათა თქვენი შემთხვევისთვის ყველაზე სათანადო ორგანიზაციას მიაკვლიოთ.



იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი



მისია და წევრები

იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი (შემდგომში „ქსელი) არის საქართველოში მოქმედ უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს წევრთა შორის თანამშრომლობას და საქმიანობის კოორდინაციას ქსელის მიზნების შესაბამისად.
იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი შეიქმნა 2017 წლის 6 ნოემბერს, მის დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღო 11-მა ორგანიზაციამ. ესენია:
1. ა(ა)იპ "ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი";
2. ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის;
მუნიციპალური ცენტრი“ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“;
3. ა(ა)იპ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
4. თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა;
5. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
6. საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო;
7. სამართლებრივი დახმარების ცენტრი - "Fides et Spes";
8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
9. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
10. სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“;
11. ააიპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი;
ქსელს თავმჯდომარეობს იურიდიული დახმარების სამსახური.


ძირითადი მიზნები

იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის ძირითადი მიზნებია:
⚪ საქართველოში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
⚪ იურიდიული დახმარების მდგრადი და ეფექტიანი გადამისამართების (რეფერალური) სისტემის შექმნა;
⚪ იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის განმტკიცება.


ქსელის მმართველი კომიტეტი

ქსელის მმართველი კომიტეტის წევრები ირჩევიან წევრთა საერთო კრების მიერ 1 წლის ვადით. მმართველი კომიტეტის წევრია:
⚪ სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“;
⚪ ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“;
⚪ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
⚪ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა;
⚪ ნიუ ვიჟენ-ის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა.


ქსელში გაწევრიანების კრიტერიუმები

ქსელის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი არასამეწარმეო (არაკომერციული), იურიდიული პირი ან საუნივერსიტეტო სამართლის კლინიკა, რომელიც განცხადებით მიმართავს ქსელის მმართველ კომიტეტს და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ეწევა უფასო იურიდიულ მომსახურებას (წარმომადგენლობა ადგილობრივ ან საერთაშორისო სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოში, სამართლებრივი დოკუმენტის შედგენა ან იურიდიული კონსულტაცია);
ბ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქვს განხორციელებული წარმომადგენლობა სულ მცირე 5 საქმეზე და გაცემული სულ მცირე 50 კონსულტაცია;
გ. ჰყავს იურიდიული დახმარების გამწევი სულ მცირე ერთი თანამშრომელი, რომელიც არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
დ. ეთანხმება და იზიარებს ქსელის საქმიანობის მიზნებს.