სიახლეები

08/09/2020

4 აგვისტოს, ბაღდათში იურიდიული დახმარების სამსახურის მე-15 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება, რადგან აქამდე მათ ქუთაისის ბიუროსთვის მიმართვა უწევდათ.
საკონსულტაციო ცენტრის ადვოკატი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს გაუწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის კი, კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.


გახსნის დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების რწმუნებულებს, საკრებულოს წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და იურისტ-კონსულტანტი მაია ხვადაგიანი წარუდგინა, გაანცო მისი მუშაობის გრაფიკიც.
რაჟდენ კუპრაშვილი (იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი): „იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა და კვალიფიციური დახმარებისთვის ადვოკატთან მისვლას შორი მანძილის გადალახვა სჭირდება. წელს უკვე რიგით მეექვსე საკონსულტაციო ცენტრი ბაღდათში გავხსენით. სულ იურიდიული დახამრების სამსხურს13 ბიურო და უკვე 15 საკონსულტაციო ცენტრი გააჩნია. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება პროფესიონალის დახმარებით, მოაგვაროს მისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივად პრობლემატური საკითხები.“


იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.