სიახლეები

08/09/2020

21ივლისს, ყვარელში, კუდიგორის ქ. #2-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. შესაბამისად ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა უფარო სამსართლებრივი დახმარება, რადგან მანამდე, ადგილობრივ მოსახლეობას იურიდიული კონსულტაციისა თუ სხვა სამართლებრივი სახის დახმარების მისაღებად თელავის იურიდიული დახმარების ბიუროში წასვლა უწევდათ.
საკონსულტაციო ცენტრში შესაძლებელია იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ისეთ ნებისმიერ საკითხზე მათ შორის: მიწის რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, საბანკო სესხები, სამეზობლო და საოჯახო დავები, ჯარიმები და ა.შ.
სამსახურის მანდატის შესაბამისად, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში - კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათვალისწინებულია გადახდისუუნარო მოსახლეობისთვის.
ყვარლის საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა აღნიშნული მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებს, საკრებულოს წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ყვარლის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი და მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი სისტემისა და იურიდიული დახმარების სამსახურის მოქმედი სერვისების შესახებ, რომელიც მრავალფეროვანია და ყოველწლიურად ხელმისაწვდომი ხდება უფრო და უფრო მეტი ბენეფიციარისათვის.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და ამდენივე საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს. ყვარლის საკონსულტაციო ცენტრი რიგით მეთოთხმეტეა.