სიახლეები

15/07/2019

ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ-მა „ჩემი ადვოკატი“ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს პრაქტიკის დასრულება მიულოცა და საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცა. 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის საადვოკატო პრაქტიკას სამი უმაღლესი სასწავლებლის 40 სტუდენტი გადიოდა. იურიდიული პრაქტიკული კურსი ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დედაქალაქის მცხოვრებლებს სამართლებრივი პრობლემების გადაჭრაში დახმარებოდნენ, ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით, დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები, როგორც სასამართლო, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებში. აღნიშნული პრაქტიკის მიზანია, მომავალ ადვოკატებს პროფესიის დაუფლებასა და საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვაში დაეხმაროს. „ჩემი ადვოკატი“-ს იურიდიული კლინიკის ფარგლებში, მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება მერვედ გაიმართა.