სიახლეები

19/11/2018

13-15 ნოემბერს (2018) თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მესამე საერთაშორისო კონფერენცია", რომელსაც მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის 300-დე წარმომადგენელი დაესწრო. 

კონფერენცია მიეძღვნა გლობალურ გამოწვევებს ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხარისხიანი იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სფეროში, კერძოდ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში.

რატომ მაინცდამაინც საქართველო?  – „იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის“ საერთშორისო კონფერენციები იმართება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ  მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე. პირველი კონფერენცია ჩატარდა 2014 წელს სამხრეთ აფრიკაში, მეორე –2016 წელს არგენტინაში, მესამე კი 2018 წელს ევროპაში – საქართველოში. საერთშორისო ექსპერტთა შეფასებით, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების საშუალება – საქართველოში მოქმედი იურიდიული დახმარების სამსახურის მოდელი არის დღეს მსოფლიოში არსებულ მოდელებს შორის ყველაზე ეფექტური და სრულყოფილი. ამიტომ საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში ჩატარების მიზეზი არის,  ერთის მხრივ, ქართველი საზოგადოებრივი ადვოკატების გამოცდილების, ხედვის და მოსაზრებების გაზიარება, მეორე მხრივ, კი გარკვეული პატივისცემის გამოხატვა იმ მიღწევებისადმი, რაც საქართველოში განხორციელდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ისინი ადასტურებენ თავიანთ მზადყოფნას, გაატარონ ღონისძიებები იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის  და ხარისხის გასაუმჯობესებლად როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე.

აღსანიშნავია, რომ უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფა არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნებისათვის. თითქმის არ არსებობს სახელმწიფო დღეს არსებულ მსოფლიო რუკაზე, სადაც არ იყოს სამართლებრივი დახმარების საჭიროება. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში მოქმედებს იურიდიული დახმარების სხვადასხვა სისტემა. თითოეული ორგანიზაციის საქმიანობა ემსახურება თითოეული მოქალაქისთვის სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას –განსაკუთრებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს პარლამენტი, იურიდიული დახმარების სამსახური, საერთაშორისო სამართლებრივ ფონდი, ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივა, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს, აშშ–ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფინანსებულ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროკავშირი, ევროსაბჭოს პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და გაეროს ბავშვთა ფონდი.